English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ მურმან ცარციძეშოთა გაბადაძე
საარსებო მინიმუმის განსაზღვრისა და რეგულირების თავისებურებები საქართველოში

 

ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.  ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ამ ამოცანების წარმატებით განხორციელებისათვის სახელმწიფომ შეიმუშავა მიზნობრივი სოციალურ პოლიტიკა, რასაც სხვა მნიშვნელოვან სოციალურ ნორმატივებთან ერთად, საფუძვლად დაედო საარსებო მინიმუმი. სწორედ ესაა ქვეყნის მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების საფუძველი, მიმართული მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის მხარდასაჭერად, რასაც რეალურად მოაქვს მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილება. 

        სამეცნიერო სტატიაში წარმოდგენილიასაქართველოში საარსებო მინიმუმის განსაზღვრისა და რეგულირების ეკონომიკური და სამართლებრივი საფუძვლების მიმოხილვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მისი ფორმირების, გამოყენებისა და გადასინჯვის პრინციპებს. გაანალიზებულია საარსებო მინიმუმის გაანგარიშების არსებული მეთოდოლოგია, გამოკვეთილია ამ სფეროში არსებული ხარვეზები, დასაბუთებულია მისი სრულყოფის აუცილებლობა და ჩამოყალიბებულია ამ მიმართულებით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებები. ნაშრომში ასევე მოცემულია საარსებო მინიმუმის, მინიმალური სამომხმარებლო კალათის სტრუქტურული ანალიზი საქართველოსა და მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე. საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, გლობალური პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზის შედეგებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის, თავისებურებების გათვალისწინებით, გაანგარიშებულია საარსებო მინიმუმის რეალური დონე, მინიმალური სამომხმარებლო კალათის სტრუქტურის (თანაფარდობა სასურსათო და არასასურსათო  კალათას შორის) ცვლილების გათვალისწინებით. 

       საკვანძო სიტყვები: ცხოვრების დონე, საარსებო მინიმუმი, მინიმალური სასურსათო კალათა, არასასურსათო კალათა, სოციალური დაცვა, სოციალური პოლიტიკა.

JEL Codes: I30, I31, I38

 

შესავალი

     

  საარსებო მინიმუმიარის მნიშვნელოვანი სოციალური ორიენტირი, რაც ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გამოიყენება მიზნობრივი სოციალური დაცვის პოლიტიკის გასატარებლად. კერძოდ: მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის; მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გასატარებლად; ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის; სოციალური პროგრამების შესამუშავებლად და სხვა. ის საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ იანგარიშება 2004 წლიდან თვეების მიხედვით და ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.geostat.ge).  საარსებო მინიმუმი დგინდება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის, საშუალო მომხმარებლისა და ოჯახის ტიპის (ერთსულიანი, ორსულიანი, სამსულიანი, ოთხსულიანი, ხუთსულიანი, ექვსსულიანი და მეტი) მიხედვით. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება, მისი ფორმირებისა და გამოყენების პრინციპები, ასევე დამტკიცებისა და გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“. ამ უკანასკნელის შესაბამისად, „საარსებო მინიმუმი არის  მოსახლეობის ერთ სულზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას“ (კანონი N649, 1997). კანონით გათვალისწინებულია ასევე „შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ეტაპობრივი მიახლოება საარსებო მინიმუმთან“ (კანონი N2292, 2009). ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გაანგარიშების მიზნით გამოიყენება ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდი (იხ. სქემა 1).

 

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია საქართველოში

სქემა 1

 

       წყარო: სქემა შედგენილია სტატიის ავტორთა მიერ

აღნიშნული მეთოდებიდან, ნორმატიული მეთოდი გამოიყენება სასურსათო კალათის ფორმირებისათვის, კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმების საფუძველზე, ხოლო სტატისტიკური მეთოდი გამოიყენება არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე დანახარჯების გასაანგარიშებლად, მოხმარების ფაქტობრივი დონის შესაბამისად. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პროცესში გამოიყენება საშუალო ფასები მიმდინარე შესყიდვების მიხედვით და მისი ფორმირების საფუძველია შრომისუნარიანი მოსახლეობის სასურსათო კალათა. ამ უკანასკნელის შემადგენლობას, ნორმებსა და ნორმატივებს ადგენს და აუცილებლობის შემთხვევაში გადასინჯავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (კანონი N3070, 2018), შესაბამისი ნორმატიული-საკანონმდებლო აქტის რეგულირების საფუძველზე (ბრძანება N111/ნ, 2003). კერძოდ, მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის, ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობის, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობის გათვალისწინებით, განაზღვრულია 40 დასახელების პროდუქტით და ითვალისწინებს, საბოლოო ანგარიშში 2300 კილოკალორიის ოდენობით ენერგოდანახარჯებს. 

       საარსებო მინიმუმის, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური კატეგორიისა და ორიენტირის შესახებ, უფრო ფართო და შინაარსიანი განმარტებაა წარმოდგენილი სხვა სამეცნიერო ნაშრომებში. მაგალითად, ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, „საარსებო მინიმუმი წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის-უნარიანობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი კალორიების შემცველი კვების პროდუქტების ნატურალურ ნაკრებს, აგრეთვე დანახარჯებს არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, გადასახადებსა და სავალდებულო გადასახდელებზე. საარსებო მინიმუმი დიფერენცირებულია ქვეყნების განვითარების დონისა და მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით“ (შრომის ეკონომიკა, 2021,109). 

საარსებო მინიმუმის დინამიკა საქართველოში

       სარსებო მინიმუმის დონის მაჩვენებელმა ღირებულებითი გამოხატულებით საქართველოში 2021 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის 223.7 ლარი შეადგინა, საშუალო მომხმარებლისათვის 198.1 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახისათვის ის 328.5 ლარი იყო. 2010 წელთან შედარებით, ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი სიდიდე საშუალო მომხმარებლისათვის 49.5%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმის ზრდამ საშუალოდ 30.9% შეადგინა (იხ. ცხრილი 1 და სქემა 2). როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული განმარტება უფრო ტევადია, სრულია და მისი მიხედვით მკაფიოდაა გამოკვეთილი, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების საფუძველია არამარტო კვების პროდუქტები, არამედ სხვა მნიშვნელოვანი სამომხმარებლო ფასეულობები, სავალდებულო გადასახდელები და სხვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ცხრილი 1-ის მიხედვით 







საარსებო მინიმუმი საქართველოში 2004-2021 წლებში (ლარი)

 

ცხრილი 1

 

წლები

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი

2004

96.2

85.2

161.4

2010

149.6

132.5

250.9

2015

162.4

143.9

272.5

2016

161.6

143.1

271.0

2017

173.5

153.7

291.0

2018

175.0

155.0

293.6

2019

194.8

172.5

326.8

2020

192.5

170.5

320.5

2021

223.7

198.1

328.5














სქემა 2

 

       წყარო: ცხრილი და სქემა შედგენილია ავტორთა მიერ www.geostat.ge-ის მონაცემების საფუძველზე

ოფიციალურ დონეზე გაანგარიშებული საარსებო მინიმუმის სიდიდე, დღევანდელი ეკონომიკური ვითარების, ცხოვრების დონის, არსებული ფასებისა და ინფლაციის პირობებში, ვერანაირად ვერ ასახავს მის რეალურ დონეს და ის ამ უკანასკნელთან შედარებით ძალზე დაბალია.უფრო მეტიც, მისი გაანგარიშების არსებული მეთოდი მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება. ძნელია არ დაეთანხმო დასკვნას, რომ „ამჟამად საქართველოში მოქმედი საარსებო მინიმუმი არარეალურია - ის ქმნის მცდარ სურათს მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობაზე, ილუზიას, რომ მისი საკვები რაციონი, რომელიც სრულიად აცდენილია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს,ნორმალურია. შედეგად, მათზე ორიენტირება მოსახლეობის სხვადასხვა მძიმე დაავადების მსხვერპლად გახდომის რისკს ზრდის“ (არჩვაძე, კოღუაშვილი, 2020). გარდა აღნიშნულისა, შემცირებულია სასურსათო კალათის რეალური ღირებულება, სადაც განსაზღვრულ როლს მექანიკურად გამოყენებული ე. წ. „შევაჭრების კოეფიციენტიც“ ასრულებს. რაც შეეხება საკვების რაოდენობას, მის შემადგენლობასა და კალორიულობის ოდენობას, ის საკმაოდ დაბალია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებთან შედარებით. მაგალითად საკვები რაციონი გათვლილია 40 დასახელების პროდუქტზე და 2300-კილოკალორიაზე, მაშინ როცა ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს 2500 კილოკალორიაზე ნაკლები.

კანონის შესაბამისად, საარსებო მინიმუმი საფუძვლად ედება სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებას და მისი გამოყენება გათვალისწი-ნებულია ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის, ასევე, სოციალური პროგრამების, ეროვნული მეურნეობის განვითარების ისეთი მოდელის შესამუშავებლად, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან (კანონი N649, 1997). მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებიდან 24 წელი გავიდა და მასში სხადასხვა პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი (კანონი N2292, 2009); (კანონი N4469, 2011); (კანონი N1245, 2013); (კანონი N3070, 2018), აღნიშნული პრინციპების რეალიზაცია დღემდე ვერ განხორციელდა, კერძოდ ძალზე სუსტია, ან, შეიძლება ითქვას, მთლიანად დაკარგულია კავშირი საარსებო მინიმუმსა და ძირითად სოციალურ მაჩვენებლებს შორის (მინიმალური ხელფასი, პენსია, სტიპენდია, სხვადასხვა სახის შემწეობა, სიღარიბის მაჩვენებლები და სხვა). ასევე ვერ მოხერხდა მოხმარების ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან ეტაპობრივად მიახლოება. დღემდე არ შეცვლილა საარსებო მინიმუმის საერთო ღირებულებაში თანაფარდობა კვების პროდუქტებსა და არასასურსათო საქონელთა შორის. როგორც სქემა 1-დან ჩანს, ამჟამად ის 70%/30%-ია (სასურსათო კალათა-70%, ხოლო არასასურსათო კალათა-30%).

საარსებო მინიმუმი საზღვარგარეთის ქვეყნებში

  საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საარსებო მინიმუმის სრულყოფილი გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო ფასეულო-ბათა ცალკეული ჯგუფის დასაბუთებული ნორმების დამუშავების საფუძველზე, რაც თავის მხრივ, ხორციელდება სპეციალური გამოკვლევებისა და ამ პროცესში სპეციალისტთა ფართო ჯგუფების ჩართულობით. მაგალითად,  აშშ-ში სამომხმარებლო კალათა მუშავდება ეგრეთ წოდებული გელლერის ბიუჯეტის სქემის მიხედვით. მასში ჩაირთვება ის საქონელი და მომსახურება, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ცხოვრებისათვის, მისი სამუშაო ძალის ნორმალური კვლავწარმოებისათვის. გელლერის ბიუჯეტის სტრუქტურის მიხედვით კვების პროდუქტები არ უნდა აღემატებოდეს "კალათის” ღირებულების 30%-ს, არასასურსათო საქონელი – 47%-ს (მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი 20%; ავეჯი და კულტსაქონელი 18%; სხვა ფასეულობები 9%), დანარჩენი საქონელი და მომსახურება 23%-ს (for-ua.com). გერმანიაში სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიებია საცხოვრებელი ბინა, წყალი, ელექტროენერგია, გაზი და სხვადასხვა საწვავი (მთლიანი ღირებულების 32%), ტრანსპორტი (13%), დასვენება, გართობა და კულტურა (11%), კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები (10%). კალათაში ასევე შედის სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (7%), ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა (5%), რესტორნების მომსახურება (5%), ჯანდაცვა (5%,) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (5%). ხოლო 7% განკუთვნილია ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე, კავშირგაბმულობასა და განათლებაზე. სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაში აშშ-ში კვების პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის 20.6%, ხოლო დიდ ბრიტანეთში 11.5% (Яблокова..., 2021). ბოლო პერიოდში შეიცვალა მინიმალური სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. მაგალითად, რუსეთში მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტი შედგენილია 200-ზე მეტი დასახელების საქონლისა და მომსახურეობისაგან, მათ შორის 80 სახეობის კვების პროდუქტებისაგან. ამ უკანასკნელის ხვედრითი წონა მთლიან ბიუჯეტში 45.1%-ია (www.bibliotekar.ru/), ბელორუსში კი იგი 49.4%-ს შეადგენს (myfin.by) (იხ. ცხრილი 2).  

მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შემადგელობა და სტრუქტურა რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში(%%)

ცხრილი  2

 

N

საქონლის, მომსახურების დასახელება

რუსეთი

  ბელორუსი

უკრაინა

1

კვების პროდუქტები

45.1

49.4

57.5

2

არასასურსათო საქონელი

38.9

31.2

27.5

3

მომსახურება

13.3

17.1

12.9

4

გადასახადები და შენატანები

2.7

2.3

2.1

 

სულ

100

100

100

 

მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შემადგელობა და სტრუქტურა რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში





სქემა 3

 

     

  წყარო: შედგენილია ავტორთა მიერ სხვადასხვა ელექრონული მასალების გამოყენებით: (rambler.ru);(https://www.google.com/search?source=univ& tbm=isch&q=%); (myfin.by); (https://myfin.by/wiki/term/ minimalnyj-potrebitelskij-byudzhet); (www.bibliotekar.ru/); (ukraina.ru; (for-ua.com).    

უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი          57.5%-ია. 2021 წელს უკრაინელები თავიანთი ფულის უმეტეს ნაწილს საკვებზე, გამაგრილებელ სასმელებსა და კომუნალურ გადასახადებზე ხარჯავდნენ. „გაეროს სტანდარტების მიხედვით, ქვეყანა, სადაც საკვების ხარჯები შეადგენს მთლიანი შემოსავლის 50-60%-ს, ითვლება დაბალ ცხოვრების დონის მქონე ქვეყნად“ (ukraina.ru). აღნიშნული მონაცემების ფონზე სამწუხაროა, რომ საქართველოში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საარსებო მინიმუმის საერთო ღირებულებაში კვების პროდუქტების წილი ჯერ კიდევ 70%-ის დონეზე რჩება, რაც ყოვლად დაუშვებელია. სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე ფაქტობრივი ხარჯების წილის დასადგენად საინტერესოა განვიხილოთ შინამეურნეობების ხარჯების სტრუქტურა საქართველოში დეკლარირებული მონაცემების მიხედვით (იხ. ცხრილი 3). 







შინამეურნეობების საშუალოთვიური ხარჯების განაწილება მოსახლეობის ერთ სულზე ქალაქისა და სოფლის მიხედვით საქართველოში 2010-2020 წლებში (ლარი) 

 

ცხრილი 3

 

დასახელება

2010

2015

2020

ქალაქი

სოფელი

ქალაქი

სოფელი

ქალაქი

სოფელი

1. სამომხმარებლო ხარჯები, სულ (2+3)

162.9

124.5

233.0

173.2

250.0

210.5

2.სამომხმარებლო ფულადი ხარჯები

155.5

87.0

225.7

135.0

243.1

167.4

სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე

55.3

37.7

77.5

54.4

99.2

75.3

ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე

6.0

3.5

9.7

5.7

9.5

5.5

საოჯახო მოხმარების საქონელზე

5.6

3.6

10.9

6.9

8.0

6.4

ჯანმრთელობის დაცვაზე

21.5

11.9

24.8

20.0

26.8

23.5

საცხოვრებელ სახლზე, წყალზე,ელექტროენერგიაზე, გაზსა და სხვა სათბობზე

18.5

9.1

28.3

15.3

34.9

20.3

ტრანსპორტზე

14.8

8.5

26.5

13.6

23.6

16.8

განათლებაზე

7.9

2.0

9.7

1.6

6.1

1.6

სხვა სამომხმარებლო ხარჯები

26.0

10.8

38.4

17.6

35.0

17.9

3. არაფულადი ხარჯები

7.3

37.6

7.3

38.2

6.9

43.0

4. არასამომხმარებლო ფულადი ხარჯები

26.9

24.8

81.4

71.4

71.1

66.3

სასოფლო–სამეურნეო ხარჯები

0.8

5.1

1.0

13.6

1.2

14.6

ტრანსფერტებზე

5.0

5.2

11.9

10.1

7.6

6.9

დაზოგვასა ან გასესხებაზე

14.6

8.6

60.2

38.8

58.8

35.9

ქონების შეძენაზე

6.5

5.9

8.3

8.8

3.5

8.9

5. ფულადი ხარჯები, სულ

182.5

111.8

307.1

206.4

314.2

233.7

6. ხარჯები, სულ (3+5)

189.8

149.4

314.4

244.7

321.1

276.8

      წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/ categories/51/shinameurneobebis-kharjebi) 

 

2020 წელს საქართველოში შინამეურნეობის ერთ წევრზე საშუალოთვიური ხარჯების მთლიანმა მოცულობამ 230.25 ლარი შეადგინა, რაც 60.2%-ით მეტია 2010 წლის, ხოლო 13.4%-ით მეტი – 2015 წელთან შედარებით. ხარჯების დონე საშუალოდ 28.0%-ით მაღალია ქალაქში სოფელთან შედარებით. ხოლო რაც შეეხება სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე დანახარჯებს, 2020 წელს მისი წილი, მთლიან ფულად ხარჯებში ქალაქის მიხედვით 40.8%, ხოლო სოფელში 45.0% იყო. როგორც ხარჯების ოდენობისა და სტრუქტურის ანალიზი გვიჩვენებს, საქართველოში მოხმარების საშუალო დონე ძალზე დაბალია, როგორც მთლიანად შინამეურნეობის, ისე მისი ცალკეული წევრის მიხედვით. კერძოდ, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც განვითარებული, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობის მოხმარების დონეს, როგორც მისი საერთო მოცულობის, ისე შემადგენელი ელემენტების, სტრუქტურის მიხედვით. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიანიშნებს სიღარიბის მაღალ დონეზე, სიღრმესა და სიმწვავეზე საქართველოში. ამიტომ,საბოლოოდსაქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პროცესში ჩვენ მიერ გათვალისწინებული იქნა საშუალო ვარიანტი. კერძოდ, კვების პროდუქტების წილი განისაზღვრა აქ განხილულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა) მიღწეული მაჩვენებლის საშუალო დონეზე 50.0%. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის დეკემბრის თვეში ჩვენ მიერ გაანგარიშებული იქნა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის მინიმალური სამომხმარებლო კალათა, რომლის მინიმალური ღირებულება განისაზღვრა 550 ლარის დონეზე. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის დონე ქვეყანაში, მიმდინარე პერიოდში არ უნდა იყოს  550 ლარზე ნაკლები (საშუალოდ 178 აშშ დოლარის ეკვივალენტი). თუ შევადარებთ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმდინარე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს, საარსებო მინიმუმის აღნიშნული დონეს უახლოვდება რუსეთის ფედერაცია (158 აშშ დოლარი) და ტაჯიკეთი (147 აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ის შედარებით დაბალია. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით კი აღნიშნული მაჩვენებელი მინიმუმ 4-ჯერ (ესპანეთთან) და მაქსიმუმ 14-ჯერ დაბალია (ლუქსემბურგთან) შედარებით (იხ. ცხრილი 4).  












საარსებო მინიმუმი მსოფლიოს განვითარებულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 

2020-2021 წლების მდგომარეობით თვეში (ევრო, აშშ დოლარი)

ცხრილი 4

 

N

დასახელება

მაღალი დონე (ევრო)

 

ქვეყნები ცხოვრების მაღალი დონით

 

1

ლუქსემბურგი

2000 

2

საფრანგეთი

1254

3

გერმანია

1240

4

ფინეთი

1170

5

დიდი ბრიტანეთი

1087

6

ნიდერლანდები

1080

7

ბელგია

1030

8

ავსტრია

1010

9

იტალია

855

10

ესპანეთი

645

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნები

დაბალი დონე (აშშ დოლარი)

1

რუსეთი

158.0$

2

ტაჯიკეთი

147.0$

3

მოლდოვა

91.3$

4

ბელარუსი

91.1$

5

უზბეკეთი

88.5$

6

თურქმენეთი

85.0$

7

აზერბაიჯანი

80.0$

8

ყირგიზეთი

69.0$

9

საქართველო

63.0$

10

ყაზახეთი

61.0$

11

უკრაინა

55.0$

12

სომხეთი

35.0$

      წყარო: ცხრილი და სქემა შედგენილია ავტორთა მიერ სხვადასხვა ელექრონული რესურსების გამოყენებით:https://visasam.ru/emigration/vybor/prozhitochniy-minimum-v-mire.html#i-2; posobieguru.ru; arka.am; kursiv.kz;  aktkanon.ru; daymnevizu.ru.  

 

       რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, აქ საარსებო მინიმუმის დონე გაცილებით მაღალია და 10 მოწინავე ქვეყნის მიხედვით 645 ევროდან (ესპანეთი) 2000 (ლუქსემბურგი) ევრომდე მერყეობს. საფრანგეთსა და გერმანიაში კი მისი სიდიდე შესაბამისად 1254 და 1240 ევროა. ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში კი შესაბამისად 1170 და 1087 ევრო. აღნიშნული ქვეყნები ცხოვრების მაღალი დონის მქონეთა კატეგორიას განეკუთვნებიან. 

        როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, მიმდინარე პერიოდში საქართველოში მოქმედი საარსებო მინიმუმი, მისი განსაზღვრისა და რეგულირების მეთოდოლოგია, ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზა საჭიროებს საფუძვლიან გადაისინჯვას და სრულყოფას. უფრო მეტიც, ქვეყნისათვის საციცოცხლოდ აუცილებელია საარსებო მინიმუმის, მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტისა და მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება და მასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმატიული საკანონმდებლო ბაზის ფორმირება. ჩვენი აზრით, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრომის ანაზღაურებისა და მინიმალური ხელფასის შესახებ კანონების მიღებას. აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი კვლევა, რომელსაც არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა (ცარციძე, 2012; 1999; 1993); (Tsartsidze..., 2020; 2019; 2004; 2016). შესაბამისად, შემუშვებული იქნა მნიშვნელოვანი წინადადებები და რეკომენდაციები, რომლის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობის სოციალური დაცვისა და შრომითი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საარსებო მინიმუმის, მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტისა და მინიმალური ხელფასის გაანგარიშებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო-მეთოდოლოგიური საფუძვლების სრულყოფა. 

      

 დასკვნები და რეკომენდაციები:

 

  • ქვეყანაში ოფიციალურ დონეზე გაანგარიშებული საარსებო მინიმუმის სიდიდე, დღევანდელი ეკონომიკური ვითარების, ცხოვრების დონის, არსებული ფასებისა და ინფლაციის პირობებში, ვერანაირად ვერ ასახავს მის რეალურ დონეს და ის ამ უკანასკნელთან შედარებით, ძალზე დაბალია. უფრო მეტიც, მისი გაანგარიშების არსებული მეთოდი რიგი ხარვეზით ხასიათდება. კერძოდ: შემცირებულია, (დადაბლებულია) სასურსათო კალათის რეალური ღირებულება, სადაც განსაზღვრულ როლს მექანიკურად გამოყენებული ე. წ. „შევაჭრების კოეფიციენტიც“ ასრულებს; სასურსათო კალათის შემადგენლობაში შემავალი საკვების რაოდენობა და კალორიულობის ოდენობა ერთობ დაბალია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებთან შედარებით. მაგალითად, საკვები რაციონი გათვლილია 40 დასახელების პროდუქტზე და 2300-კილოკალორიაზე, მაშინ როცა ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს სულ მცირე 2500 კილოკალორიაზე ნაკლები; მოხმარების ნორმები მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტების დონეს;

  • დაკარგულია კავშირი საარსებო მინიმუმსა და ძირითად სოციალურ მაჩვენებლებს შორის (მინიმალური ხელფასი, პენსია, სტიპენდია, სხვადასხვა სახის შემწეობა, სიღარიბის მაჩვენებლები და სხვა);

  • დღემდე არ შეცვლილა საარსებო მინიმუმის მთლიან ღირებულებაში თანაფარდობა კვების პროდუქტებსა და არასასურსათო საქონელს შორის (70%/30%-სასურსათო კალათა-70%, ხოლო არასასურსათო კალათა-30%). საქართველოსთან შედარებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 45%-დან 60%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში 20%-30%-ის ფარგლებშია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაეროს სტანდარტების მიხედვით, ქვეყანა, სადაც საკვების ხარჯები შეადგენს მთლიანი შემოსავლის 50-60%-ს, ითვლება დაბალ ცხოვრების დონის მქონე ქვეყნად;

  • შინამეურნეობების ხარჯების ოდენობისა და სტრუქტურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში მოხმარების საშუალო დონე ძალზე დაბალია, როგორც მთლიანად შინამეურნეობის, ასევე მისი ცალკეული წევრის მიხედვით. კერძოდ, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც განვითარებული, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობის მოხმარების დონეს, როგორც მთლიანი მოცულობის, ასევე მისი სტრუქტურის მიხედვით. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიანიშნებს ქვეყანაში სიღარიბის მაღალ დონეზე, სიღრმესა და სიმწვავეზე;

  • ქვეყანაში რეალური საარსებო მინიმუმის დადგენის მიზნით აუცილებელია: მისიგაანგარიშება მოხდეს რეალურად განსაზღვრული სამომხმარებლო კალათის საფუძველზე, სადაც ჩადებული იქნება კვების პროდუქტების, არასასურსათო საქონლისა და მომსახურების ყოველმხრივ დასაბუთებული მინიმალურად აუცილებელი ნაკრები, რომელიც საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მისი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. მასში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სავალდებულო გადასახადები და მოსაკრებლები; 

  • საჭიროა სასურსათო კალათის შემადგენლობისა და სტრუქტურის ცვლილება, კვების პროდუქტების მოხმარების რეალური ფიზიოლოგიური ნორმების დაწესება, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 2500 კილოკალორიაზე და რეალურად უზრუნველყოფს შრომისუნარიანი ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებას;

  • სასურსათო და არასასურსათო კალათის სრული ღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს რეალური საბაზრო ღირებულების, ფასების გათვალისწინებით;

  • აუცილებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშაონ წინადადებები, რათა საფუძვლიანად იქნეს გადასინჯული და შეტანილი იქნეს ცვლილებები როგორც „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (კანონი N649, 1997), ასევე საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების  განსაზღვრის წესში (ბრძანება N111/ნ, 2003), რათა აღნიშნული კანონმდებლობა ეტაპობრივად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს. ნორმები ისე უნდა იყოს შერჩეული რომ ხელი შეუწყოს მოსახლეობის კვების რაციონის გაუმჯობესებას და საბოლოო ანგარიშით, სრულფასოვან კვებას. ამისათვის, კი ჩვენი აზრით პირველ რიგში აუცილებელია შეიცვალოს საარსებო მინიმუმის სტრუქტურა და (ნაცვლად 70%/30%-ისა) სასურსათო და არასასურსათო კალათის ღირებულებებს შორის თანაფარდობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განისაზღვროს 50%/50%-ით. ანუ პირველ ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვების პროდუქტების წილი მთლიანი სამომხმარებლო კალათის ღირებულებაში 50%-ის დონეზე. შემდეგ ეტაპზე კი სასურველი იქნება აღნიშნული თანაფარდობის 40%/60%-მდე დაყვანა, რათა თანდათან დავუახლოვდეთ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს (30%/70%). საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებული იქნა სწორედ ეს საშუალო ვარიანტი. კერძოდ, კვების პროდუქტების წილი განისაზღვრა განხილულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა) მიღწეული მაჩვენებლის საშუალო დონეზე (50%-ი). აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის დეკემბრის თვეში  შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება ჩვენ მიერ განისაზღვრა 550 ლარის დონეზე. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის დონე ქვეყანაში, მიმდინარე პერიოდში არ უნდა იყოს  550 ლარზე ნაკლები (საშუალოდ 178 აშშ დოლარის ეკვივალენტი).

  • საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2021 წლის სექტემბრიდან – „დასაქმების ხელშეყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა გარკვეული კავშირი საარსებო მინიმუმსა და შრომის ანაზღაურების დონეს შორის. კერძოდ, დადგინდა, რომ სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს (კანონი N6819, 2020). თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საარსებო მინიმუმის დონის მაჩვენებელი საქართველოში 2021 წლის ნოემბრის თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის 223 ლარი იყო, აღნიშნული პერიოდისათვის ქვეყანაში შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე 447.4 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულება. როცა მიზანშეწონილი იქნებოდა, აღნიშნული ზღვრული მინიმალური თანხა დაწესებულიყო მინიმალური ხელფასის სახით 550 ლარის დონეზე, რაც შესაბამისიობაში იქნებოდა რეალური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელთან.  

 

ლიტერატურა:

  • არჩვაძე ი. კოღუაშვილი პ. (2020). საარსებო მინიმუმი საქართველოში და მისი ოპტიმალური დონის განსაზღვრის აუცილებლობა. „ეკონომიკა და ბიზნესი“,N1; 

  • კოღუაშვილი პ. (2014). საარსებო მინიმუმის კვეცა მოსახლეობის მკვლელობაა. „ახალი ეკონომისტი“, N2;

  • მექვაბიშვილი ე. (2020). გლობალური კორონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტომი XII, N2; 

  • პაპავა ვ. (2020). კორონომიკა და ეკონომიკა კრიზისის წინაშე. 21 მარტი  https://for.ge/view/ 182671/koronomika-da-ekonomika-krizisis-winaSe.html;

  • ღაღანიძე გ.  (2020). მსოფლიო ეკონომიკა პანდემიამდე, პანდემიის დროს და პანდემიის შემდეგ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტომი XII, N2; 

  • ცარციძე მ. (2022). უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოში. მონოგრაფია.  თსუ გამომცემლობა, თბილისი;

  • ცარციძე მ. (1999). სამუშაო ძალის კვლავწარმოება და შრომის ანაზღაურება ეროვნული შრომის ბაზრის ფორმირების პროცესში. მონოგრაფია, თსუ გამომცემლობა “ცოდნის წყარო” თბილისი  http://www.nplg.gov. ge/;

  • ცარციძე მ. (2004). შრომის ბაზრის ფორმირება და სამუშაო ძალის კვლავწარმოება საქართველოში. სადოქტორო დისერტაცია. თსუ, თბილისი;

  • ცხოვრების დონე. საარსებო მინიმუმი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წელი. 

  • ხარაიშვილი ე. ერქომაიშვილი გ. ნაცვლიშვილი ი. ლობჟანიძე მ. (2021) სურსათის სატრანსპორტო გადაზიდვების გამოწვევები და პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოში. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტომი XIII, N3.

  • Papava V., Charaia V. (2020) The Coronomic Crisis and Some Challenges for the Georgian Economy. GFSIS, Expert Opinion, No.136. https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/136-expert-opinion-eng.pdf. Accessed on May 4;

  • Silagadze A. Atanelishvili T. (2014) The Main Economic Indicators of the EU and Georgia “Topical Problems of the Development of Economy and Economic Science.” Collection of scholarly works of Paata Gugushvili Institute of Economics TSU;

  • Tukhashvili M. (2012)  Georgian Labour Market in the condition of Political and Economic Crisis. In the book:Youth Employment: Challenges and Opportunites. Timisoara. Eurostampa;

  • Tsartsidze M. (2016) Poverty and the Economic Development Factors in Georgia. «European Journal of Humanities and Social Sciences», Scientific journal, №1,  vienna;

  • Прожиточный минимум в странах мира 27.12.2020. https://visasam.ru/emigration/vybor/ prozhitochniy-minimum-v-mire.html#i-2;  

  • Яблокова Ю.С., Курьянова Д.А. (2022). Потребительская корзина разных стран.  (scienceforum.ru).

 

კანონები და ნორმატიული აქტები:

  • საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. 24.08.1995 წელი. (matsne.gov.ge);

  • საქართველოს კანონი N6819, „დასაქმების ხელშეყობის შესახებ“, თბილისი, 14 ივლისი, 2020 წელი. (matsne.gov.ge);

  • საქართველოს კანონი N649, „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“, თბილისი 1997 წლის 17 აპრილი. https://www.matsne.gov.ge/document/view/29824? publi-cation=7;

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N111/ნ ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების  დამტკიცების შესახებ“. 08 მაისი 2003 წელი. (matsne.gov.ge).